თბილისის მერის განცხადებით, დღეიდან, 11 იანვრიდან ამოქმედდა მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამა.
ის საპენსიო ასაკის, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებს შეეხება.
კახა კალაძის თქმით, მფლობელებს ვაუჩერის გამოყენება ერთი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ.
“მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე.
ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში.
ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს“. – განაცხადა კახა კალაძემ.