დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშილის დასახელებაზე დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბევრი სხვა „ქართული ოცნების“ ლიდერისგან განსხვავებით, მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს. „ირაკლის მინდა ვუსურვო წარმატებები. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი საზოგადოების. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება და მინდა ქალბატონ მაიას თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა ირაკლი ღარიბაშილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონიათ. მისივე თქმით, ის არის არჩეული მერი და ყოველდღიური საქმიანობით, ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.
„არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის. უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია არსებობს დედაქალაქში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე, ისაუბრა ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნაზეც და როგორც ის განმარტავს, თუკი ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება, ამას მმართველი გუნდი მიესალმება. „დიალოგზე უარი „ქართულ ოცნებას“ არასდროს უთქვამს, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს. შესაბამისად, ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ამის დამადასტურებელია ის, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით და ახლაც არის დიალოგისთვის მზადყოფნა. მოწოდებებს, რასაც ვისმენთ ორივე მხარის მიმართ, არის ის, რომ გარკვეულწილად ჩიხში არ შევიდეს ეს პროცესები, რაც რა თქმა უნდა, ქვეყანას, დემოკრატიას, ქვეყნის განვითარებას დაააზიანებს. რაც შეეხება ოპოზიციის შესვლას პარლამენტში, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ და ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პერიოდში ჩვენი მხრიდან იყო და რა განცხადებებიც კეთდებოდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო, ამას ჩვენ მივესალმებით, რადგან იმ მხარდაჭერას, რაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან მიიღეს, პატივისცემა სჭირდება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ მისასალმებელი იქნება ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, პოლემიკა ქვეყნის განვითარებაზე, იმ კონკრეტულ პროექტებთან, რეფორმებთან მიმართებაში“, – განაცხადა კალაძემ.