აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მოლაპარაკებისას საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ დაბალი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნებოდა პოზიტიური ნაბიჯი. ამიტომ, სამწუხარო იქნება, თუკი ეს ცვლილებები არ მოხდება.
როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ფაქტობრივად, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.
„ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ უფრო დაბალმა საარჩევნო ბარიერმა საშუალება მისცა ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას შესულიყო პარლამენტში. საარჩევნო ბარიერი რომ 5% დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ მის გადალახვას, სავარაუდოდ 2-3 პარტია შეძლებს მომავალ არჩევნებში. ეს არ არის ტრაექტორია, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას გამოიწვევს, პარლამენტში მეტი განსხვავებული შეხედულების წარდგენის საშუალებას შექნის. ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი ის, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდა, რომ დადებითი ფაქტია, არ განხორციელდება,“- აღნიშნა ელჩმა.