ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია – მეტიც, საქართველოში ორხელისუფლებიანობაა: ერთი, სააკაშვილი მართავს პროცესს ციხიდან და მეორე – ხელისუფლება თვითიზოლაციიდან , – ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
ლაგაზიძის შეფასებით, ხელისუფლება „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს და მთავარ მტრად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოჰყავს.
„ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არის ისეთი ადამიანი, რომლის მიერ გამოტანილ ინფორმაციასაც ორივე მხარე თანაბრად ენდობოდა. ეს, თავის დროზე, მიზანმიმართული პოლიტიკა იყო „ქართული ოცნების“ – „დაყავი და იბატონეს“ პრინციპის გამო, მას სურდა, რომ მუდმივად ჰყოლოდა მტერი მონსტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომლითაც დააშინებდა და მიიწებებდა საკუთარ ამომრჩეველს. მტრის ხატი, რეალური თუ ვირტუალური, პოლიტიკისთვის უცნობი არ არის. ქართულ პოლიტიკასაც, რომ გადავხედოთ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ასეთი მტრის ხატი იყვნენ ოპოზიციონერები, რომელთაც პრორუსულობის იარლიყს აკერებდნენ. შევარდნაძის დროს იყო ასლან აბაშიძე და ა.შ. ახლა რითაც კვებავს, არის „ნაციონალების“ რევანში, როგორც „ბართლომეს ღამე“ „არანაციონალი“ ამომრჩევლისთვის. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ გვაქვს შეხების წერტილები, საერთო, ეროვნულ გამაერთიანებელ იდეაზე, ღირებულებებზე, პიროვნებებზე ვეღარ ვსაუბრობთ, ეს არის კატასტროფა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს ვაპატიებ. ამ ტიპის გახლეჩილი, ენერგიაგამოცლილი ერის დამონება, დაპყრობა და მართვა ნებისმიერი გარე დამპყრობისთვის არის უმარტივესი რამ. ეს არის დღევანდელობის მთავარი გამოწვევა და ნაპერწკალია საჭირო იმისათვის, რომ ამ დაპირისპირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
„ქართულ ოცნება“ ფიქრობს, რომ მორალური, ჰუმანური ნაბიჯიც რომ გადადგას, ამას მისი ამომრჩეველი ვერ გაიგებს, სისუსტედ ჩაუთვლის. არ შეიძლება ეს ყველაფერი ისე შეფუთოს და მიეწოდოს: „მე იმდენად ძლიერი ვარ, რომ ჩემს ყველაზე დიდი მტერი, მიხეილ სააკაშვილიც კი, ვდგები მასზე და შურისძიებაზე მაღლა, ეს ჩემი სიძლიერეა, სისუსტე კი არა, გადამყავს კლინიკაში და ვიცავ მის ჯანმრთელობას.“ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია, მეტიც – საქართველოში ორხელისუფლებიანობაა: ერთი, სააკაშვილი მართავს პროცესს ციხიდან და მეორე, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან, ეს თვითიზოლაცია თვითონ მოახდინა ხალხისგან და დასავლეთისგან. ხელისუფლება ფიქრობს, რომ სასამართლომდე გზაზე რამე ექსცესები არ მოხდეს და მეორე, ეკრანზე სააკაშვილის გამოჩენის ეშინია – სად ცოცხალი კონტაქტი და სად ეპისტოლარული ჟანრი, როდესაც რამდენიმე წინადადებას წერს ამდენი ხნის ნაშიმშილარი ადამიანი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.
ექსპერტის შეფასებითვე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დასავლეთის დუმილი შემზარავი და შოკისმომგვრელია.