ერთადერთი შეკითხვა მაქვს – მაშინ რატომ მონაწილეობდა “ნაციონალური მოძრაობა” მოლაპარაკებებში, სადაც ჩვენი, სრულიად საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ შემდგარიყო შერეული, ფართო, წარმომადგენლობითი დელეგაცია? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მათი ფრაქციის წევრი მონაწილეობას არ მიიღებს დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება უკრაინაში.
სამნიძის თქმით, მისთვის ფრაქციის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან ისინი პროცესში, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყეს და შემდეგ ჩაერთო მმართველი გუნდი, მონაწილეობდნენ.
„ეს არის საპარლამენტო დელეგაცია და არა რომელიმე პარტიის დელეგაცია, კარგია, რომ შეთანხმებას, რომელიც ადრე შედგა, დავუბრუნდით და ერთად შევძლებთ სამძიმრის გამოცხადებას,”- განაცხადა სამნიძემ.