წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, დილით წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ტექსტი შეიცვალა.
„იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.
გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში.
პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, – განაცხადა დეკანოიძემ.