„ეს არის ტრიუკი და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა,“ – ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მმართველი გუნდიდან მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის გასვლას.
ხიდაშელის შეფასებით, ყველაფერი ძალიან მარტივია, განსაკუთრებული სამარჩიელო არაფერია, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ახლა მთავარი ფრონტის ხაზი გადის დასავლეთის ლანძღვაზე.
„ეს არის ტრიუკი და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ უმრავლესობაში განხეთქილებაა. თეორიულად რაღაც განხეთქილება მაინც შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ ვიღაცა უფრო მეტად „ქართული მარშია“ და ვიღაცა ნაკლებად „ქართული მარში“, თორემ საბოლოო ჯამში ყველა ერთად აღებული დიდ ერთიან „ქართულ მარშს“ ქმნიან.
ვფიქრობ აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, განსაკუთრებული სამარჩიელო არაფერი გვაქვს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ახლა მთავარი ფრონტის ხაზი გადის დასავლეთის ლანძღვაზე, მის საწინააღმდეგო გზავნილებზე, როგორც ჩანს პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ამის კეთება არ იქნებოდა მიზანშეწონილი და ამიტომ, ის ადამიანები, რომლებმაც სავარაუდოდ გამოთქვეს მზადყოფნა და სურვილი, რომ ამოცანის სამსახურში იდგნენ, „გათავისუფლდნენ“ პარტიული ვალდებულებისგან.
ხვალ და ზეგ, როდესაც ეს ადამიანები დაიწყებენ იმაზე საუბარს, რასაც ამბობდა პრემიერ-მინისტრი და მათი აზრით „ფარდის ახდას“ დაიწყებენ, ირაკლი კობახიძე ძალიან მშვიდი სახით გამოვა და იტყვის, რომ ამ ადამიანებთან მათ საერთო არაფერი აქვს.
ჩვენ ევროკავშირთან მიმართებით სასწაულები მოვისმინეთ და სამწუხაროდ, მათი ამომრჩევლის დიდ ნაწილს გულწრფელად სჯერა. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და საკუთარ ქვეყანას რუსულ სივრცეში მოიაზრებენ, ან ასეთი არჩევანის მომხრე არ არიან, მაგრამ არიან უკიდურესად დაბნეული, ან განხიბლული არიან ნატოს იდეით, ევროკავშირის იდეით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს არ მოხდა და ამ სენტიმენტზე თამაშობს „ქართული ოცნების“ ყველაზე უფრო ბნელი ფრთა.
რადგან ეს ნაბიჯი გადაიდგა, როგორც ჩანს ჩვენ რომ ახლა ფანტაზია არ გვეყოფა და ვერ წარმოვიდგენთ იმ ტიპის ნიაღვარს ვნახავთ, აზვირთებულს, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ და ეს მხოლოდ ევროკავშირი არ იქნება, ეს იქნება ბრძოლა ყველა ფრონტზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.