სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომელ მაია შარაშენიძეს, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მიითვისა, ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.
ფორმულასთვის ცნობილი ხდება კორუფციული სქემის დეტალები, რომლის მიხედვითაც, სააგენტოს თანამშრომელმა 26 მაისის ღამის ფოიერვერკი პირდაპირი შესყიდვით შეიძინა კომპანიისგან, რომელსაც ღირებულებაზე მეტი თანხა იმ პირობით გადაურიცხა, რომ თანხის ნაწილს უკან დაუბრუნებდა. კომპანიის წარმომადგენლისგან უკან დაბრუნებული თანხის კუპიურები კი სუს-ის მიერ იყო დანომრილი.
სუს-მა საჯარო მოხელე ფაქტიდან მალევე დააკავა. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შარაშენიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტო სკანდალში უკვე არაერთხელ გაეხვა. კერძოდ, სწორედ ამ სააგენტოს ბუღალტერმა გადარიცხა მითვისებული თანხები ინტერნეტტოტალიზატორში.
წყარო: formulanews.ge