ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.
„მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტარს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები. ასევე, შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. მათი გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, ის ეფუძნება კომპრომისს და ორიენტირებულია მომავალზე. აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. შევხვდი ევროკავშირის ინსტიტუტების იმ წარმომადგებლებს, რომლებიც ჩართულები არიან საქრთველოსთან ურთიერთობაში, მათ შორის პრეზიდენტ მიშელთან. ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.
დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.