21 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სოფელ არხილოსკალოდანაა. 6 წლის იყო, როცა ძიუდოში დაიწყო ვარჯიში. დარბაზი, სადაც ვარჯიშობდნენ, დღეს დანგრევის პირასაა, თუმცა არც თხუთმეტი წლის წინ იყო კეთილმოწყობილი – მეორადი ლეიბებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარის გარეშე.
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, “პოსტ ფაქტუმთან” ინტერვიუში ლაშამ ბავშვობის წლების გახსენებისას იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლების გადალახვაც მოუწია და არც ისე მარტივი იყო:
“ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ… გირები და ჰანტელები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში. მანქანის ძველ საბურავებს გამოვიბამდით ქამარზე და ისე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით… ჩემი სახლიდან ამ დარბაზამდე, 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ფეხით დავდიოდით ამ მანძილს, ამხელა გზაზე სიარული პატარა ბავშვისთვის ძალიან ძნელი იყო…”
დღეს, 21 წლის ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი მეტოქე, ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ლაშა ნახევარფინალში რუს მეტოქეს დაუპირისპირდა და სწორედ მასთან გამარჯვებით მოიპოვა ფინალის საგზური.
“ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა. გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ მთლიანად საქართველო და ჩემი ხალხი”, – აღნიშნა ჩემპიონმაგამარჯვების შემდეგ.