ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” განცხადებით, ოპოზიციამ მეტი შემართებით უნდა იბრძოლოს და თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამურად 57%-ზე მეტი მოიპოვოს.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, ფრაქციის წევრები პარლამენტს დატოვებენ.
“ნათქვამი სიტყვების უკან წაღება ოცნების ხელწერაა. ამჯერად შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ სიტყვის უკან წაღება დადგა დღის წესრიგში. ამისათვის, ოპოზიციამ: კიდევ უფრო მეტი შემართებით, ფართო ფრონტით და ეფექტიანი კოორდინაციით უნდა ვიბრძოლოთ რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებზე და ჯამურად მოვიპოვოთ 57%-ზე მეტი; მჭიდრო კოორდინაციით და აქტიური მუშაობით უნდა გავამაგროთ დასავლეთში არსებული ცალსახა მხარდაჭერა; ქართველ ხალხს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ოცნებას არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ თავისას და არ შევეგუებით სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ევროატლანტიკურ ორბიტას მოწყვიტოს ქვეყანა.
ვაცხადებთ, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ ქართული ოცნება მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის წევრები დავტოვებთ პარლამენტს და, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სრულიად ოპოზიციის გადაწყვეტილებაც; ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი. განსხვავებით 2020 წლის ნოემბრისა, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს შარლ მიშელის შეთანხმების ერთგული საერთაშორისო საზოგადოების ასევე მკაფიო მხარდაჭერა. ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.
სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი ოცნების მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ.
დღეს არის ბრძოლა არამხოლოდ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, არამხოლოდ ვადამდელი არჩევნებისთვის, არამედ დღეს არის ბრძოლა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის უვადოდ დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს, ყველა ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გარშემო უნდა გაერთიანდეს. ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნებით შეცვლას და ჩვენს ევროპულ მომავალს. შეთანხმების შესრუკებაზე უარი, ჩვენი ევროპული არჩევანის უარყოფაა, შესაბამისი პოლიტიკური შედეგებით”, – ნათქვამია განცხადებაში