„ლელოს“ ექიმების გუნდი 4 აპრილს უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში მიემგზავრება. „ლელოს“ ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქში კონცენტრირებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის იძულებით გადაადგილებული პირი და დაჭრილი სამხედროები.
„უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელთანაც ჩვენ გქონდა მჭიდრო კომუნიკაცია, დაგვაკავშირა ქალაქ კოლომიას ხელმძღვანელობასთან, რომელმაც დაადასტურა საჭიროება, ჩვენი ექიმების ჯგუფის იქ ჩასვლასთან და დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.
„ლელოს“ მედიკოსთა ჯგუფში შედის 9 ექიმი და 1 ექთანი, მათ შორის არის ცნობილი ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, ასევე ექიმი რეანიმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი. პოლონეთში გუნდს შეუერთდება ქართველი ექიმი გიორგი პატარაია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში“,- აცხადებენ „ლელოში“.
მათი ცნობით, „ლელოს“ ექიმთა ჯგუფის ამოცანაში შევა პაციენტების კონსულტირება, ოპერაციული ჩარევების განხორციელება, პაციენტების მოვლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობა და ადგილზე სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება.
„ჩვენს ჯგუფს საჩუქრად მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება: სამედიცინო აპარატურა (ვიდეო-ლარინგოსკოპი, ეკგ, ჟანგბადის კონცენტრატორი, მონიტორი, ტრავმატოლოგიური ხელსაწყოები), მედიკამენტები, სახარჯი მასალა, რომლის კონკრეტული მოთხოვნა აქვს ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს“, – ამბობს „ლელოს“ მედიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე.