საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი 2021“ 2021 წელსაც ონლაინრეჟიმში ჩატარდება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ IX, X და XI კლასის მოსწავლეს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი “წიგნიერი” წელს მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ “საბასა” და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება.
მონაწილეებს კონკურსის დღეს ჟიურის მიერ შერჩეული სამი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ესეს დაწერა დაევალებათ. ესენია:
- სომერსეტ მოემის „მთვარე და ექვსპენსიანი“
- ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“
- გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა“
კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის უშუალოდ წერის დღეს გახდება ცნობილი.
„წიგნიერის“ სამ გამარჯვებულს „თიბისი“, ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვადასხვა გამომცემლობები დააჯილდოებენ.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 1 აპრილამდე შეივსოს სარეგისტრაციო ბლანკი. კონკურსი აპრილის დასაწყისში ჩატარდება.
თემის სათაური გამოცხადდება „წიგნიერის” ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ეთერში. კონკურსანტებმა თემის სათაურის გამოცხადებიდან 5 საათში უნდა გამოგზავნონ ესე ელექტრონულ მისამართზე: tsignieri2021@gmail.com
კონკურსის დაწყების თარიღი, დრო და სხვა დეტალები გამოქვეყნდება „წიგნიერის” ფეისბუქგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მისწეროთ ამავე გვერდს. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც სარეგისტრაციო ბლანკში მიუთითებთ.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/3r0QxcN
წყარო: kvira.ge