ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.
აღსანიშნავია, რომ განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ მცირე განმარტება გააკეთა, რატომ მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება.
„რატომ მოხდა გადაკვალიფიცირება და არა გამართლება? ვფიქრობ, რომ ბრალის მიხედვით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი მოქმედებები, რომელსაც 194-ე მუხლი მოიცავდა, არის იმ 180-ე მუხლის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი, რომლის თაობაზეც უკვე გამოტანილი იყო დევნის არაღძვრის თაობაზე დადგენილება თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ის ერთიანი ქმედება, რომელსაც შეეძლო, რომ მოდავებოდა ბრალდების მხარე“, – განაცხადა არევაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). მათ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.