„გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე და ვიქნები ყველა იმ ადამიანის გვერდში, ვისაც ჩაგრავენ“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს, რადგან ეს არის პრინციპის საკითხი.
„ვიქნები ყველა იმ ადამიანის გვერდში, ვისაც ჩაგრავენ. ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვეუბნებოდნენ 12 წლის წინანდელ საქმეს. ფულის გათეთრების მუხლით გვედავებოდნენ და უცბად ეს მუხლი გაქრა და 4 წლის მერე თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია. ამაზე გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი, არც დაზარალებული და მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის აი, სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ მთელმა საზოგადოებამ. ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდება, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა. ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, ვიდრე თითოეულ მოქალაქეს არ ექნება განცდა, მის უფლებებს, ღირსებას იცავს დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სასამართლო. გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.