ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა. თუმცა, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე ხაზარაძე დარბაზში კვლავ დააბრუნეს.
ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია, რადგან დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა.
“3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც, პროკურომა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ “სიმართლე მწარეა”.
“მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ”,- მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძეს უთხრა, რომ “3 წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა”.
“ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?”,- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
“გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები”,- განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის პროცესზე დაშვების შუამდგომლობით მოსამართლე გიორგი არევაძეს ადვოკატებმა მიმართეს და განმარტეს, რომ „ამ პროცესს მაღალი ემოციური ფონი ახლავს“.
მოსამართლე გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს სხდომის დარბაზში დაბრუნებისა და საბოლოო სიტყვით სარგებლობის ნება დართო, თუმცა ადვოკატებს მიმართა, ხაზარაძისთვის განემარტათ, რომ ის „ემოციებისგან თავისუფალი იყოს“.