ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ 2022 წლის 12 იანვარს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს. ადვოკატების განმარტებით, საქმეში არ არის პროცესუალური ფიგურა-დაზარალებული, რომელიც აუცილებელია თაღლითობის ბრალდების დროს.
„ლელოს“ ინფორმაციით, სასამართლომ დაარღვია ,,ბრალდებიდან გადახრის“ პრინციპით დადგენილი ფარგლები, „ბრალდების უცვლელობის“ პრინციპი და ბრალდებულ პირებს განაჩენი გამოუტანა იმ მუხლით, რომელთან მიმართებაშიც მათ არ ჰქონდათ საშუალება მოემზადებინათ და ეწარმოებინათ დაცვა, რადგან ასეთი ბრალდება წარდგენილი არ ჰქონიათ.
„თვით პროკურატურის მიერ გამოძიების ეტაპზე თაღლითობასთან დაკავშირებით, გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის შესახებ ხანდაზმულობის გამო. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, მიღებულია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, 259-ე, 273-ე მუხლებს, არის დაუსაბუთებელი და უკანონო. შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი”, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.