ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სანამ მედიის წარმომადგენლები არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგანაც შესაბამის პასუხს მიიღებენ.
“1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს – შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს “ტვ პირველი”, “მთავარი არხი” და “ფორმულა”. მოგვიანებით, პრემიერის პრესსამსახურმა განმარტა, თუ რატომ არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. პრესსამსახურის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.
პ.ს „ვებგაზეთი“ მიიჩნევს, რომ სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების უფლება ყველა მედიასაშუალებას აქვს და მედიის დაყოფა დაუშვებელია. ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის შესაძლებლობა.