ევროკომისიამ პირველად ახსენა ეს ფრაზაც და მოგვანიჭა ევროპერსპექტივა, რაც უდავოდ გასახარი ამბავია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ უხარიათ იმ ადამიანებს, ვისაც თავი ყველაზე პროდასავლელებად მოაქვთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომ არ მოხდა საქართველოს შემთხვევაში, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ამას „უსამართლო გადაწყვეტილება“ შეიძლება დაერქვას.
„მეორე მხრივ, როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში. პირველ რიგში უკრაინისთვის, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია და ამაზე აღარ ვისაუბრებ. რუსეთის ღია აგრესია მიდის იქ და ელემენტარული მინიმალური მხარდაჭერა მაინც სჭირდება ამ ხალხს და ამას მივესალმებით. ასევე მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ ომის შედეგები ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარმილიონ ლტოლვილს იფარებს 2,5-მილიონიანი ქვეყანა. ეს [კანდიდატის სტატუსის მინიჭება] რომ არ მოხდა საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება. ამავე დროს, ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ქვეყნის ლიდერმა პირდაპირ გვითხრა ორი რამ – რომ არ იყოს ომი უკრაინაში, ალბათ, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე – მან ახსენა არათუ მინიშნება, არამედ პირდაპირ თქვა „გეოგრაფია“. გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნებების საფუძველი და ასევე მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი, მაგრამ ყველაზე კარგი ამაში ის არის – უახლესი წარსული ხომ გვახსოვს, მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან, მაგრამ სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი“, – განაცხადა მდინარაძემ.