პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.
მარინა ეზუგბაიამ აცრა საჯაროდ ტელეკამერების წინ გაიკეთა. როგორც მან ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, თავს კარგად გრძნობს. „იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 60-70 % აიცრება იმუნური ფენა რომ შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში დაძლეული უნდა იყოს ეს ინფექცია“, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე, კოლეგებს მოუწოდა, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. „ჩვენი ცენტრი ძირითადი ფლაგმანია ინფექციურ დაავადებებში, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებში და კოვიდ19-შიც. სიმბოლურია ის, რომ პირველი მოქალაქე ჩვენს ცენტრში აიცრა.
პირველი დადასტურებული შემთხვევაც ჩვენს ცენტრში იყო, პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტიც ჩვენს ცენტრში იყო. რამდენი ხანია, რაც ქვეყანა ვაქცინაციას ელოდებოდა, როგორც იქნა, ვაქცინა შემოვიდა.
„ასტრაზენეკა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, რომელიც შექმნილია კოვიდ19-თან მიმართებაში. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის მიმართ, აუცილებელია ჩაიტაროს ვაქცინაცია, რომ შეიქმნას ის იმუნური ფენა, რაც შექმნის დაავადებისგან დამცველ კოლექტიურ იმუნიტეტს“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო და პირველი ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გაიკეთა.