1918 წლის აპრილში, ბათუმი ოსმალეთის ჯარმა დაიკავა და დამპყრობლებმა პატრიოტი ქართველების დევნა-დაპატიმრებას მიჰყვეს ხელი. გულხელდაკრეფილი არც ქართველები იყვნენ. სამუსლიმანო საქართველო ოსმალური აგრესიის ასალაგმად დაირაზმა და ჰაიდარ აბაშიძემ, ჰასან თხილაიშვილმა, ჯემალ ნოღაიდელმა, რეჯებ ნიჟარაძემ, ყადირ შერვაშიძემ და სხვებმა, 1918 წლის 15 მაისს „სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ერთიანობის საქმეში.
რუსეთის იმპერიის დაშლის და გათავისუფლებული ქვეყნების თვითგამორკვევის პარალელურად, კავკასიაში ხელახალი გადანაწილების პროცესი დაიწყო. რაშიც აქტიურად იყო ჩართული როგორც რუსული, ისე ოსმალური მხარე. აჭარის “თავის საზღვრებში” დასაბრუნებლად, სტამბულმა ახალი ხერხი – რეფერენდუმი მოიფიქრა. საკუთარი აგენტურისა და მხარდამჭერების იმედით, ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ რეფერენდუმი მათთვის სასურველ შედეგს მოიტანდა. მაგრამ „სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებმა დიდი აგიტაცია გასწიეს რეგიონის საქართველოში დასატოვებლად.
აჭარის დედასამშობლოში დარჩენის მომხრეთა საუკეთესო მაგალითია ჰასან თხილაიშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო, რათა ამ ხელოვნურად გამოცხადებული “რეფერენდუმისთვის”, რომელიც მზაკვრულად იყო მოფიქრებული და ეროვნულზე მეტად რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას ითვალისწინებდა, ხელი შეეშალა:
ჰასანი ქობულეთში, ფიჭვნარში სახელდახელოდ მოწყობილ „სარეფერენდუმო უბანზე“ გამოცხადდა, ხელში თეთრის ფერის ბიულეტენი აიღო და ყუთში ჩააგდო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მან საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება — ოსმალეთთან შეერთების მომხრეებს მწვანე ბიულეტენებით უნდა მიეცათ ხმა. ისტორიულია მის მიერ წარმოთქმული სიტყვაც:
,,ძმებო, მეზობლებო! დღევანდელ კრებაზე საკითხი დგას, თუ ვისთან ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძმებთან, ქართველებთან თუ ოსმალებთან. ჩვენ ქართველები ვართ ეროვნებით, სისხლითა და ხორცით, ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენი დედა ენა — ქართული! ამიტომ ჩვენ, როგორც ქართველებს, არაფერი საერთო არ გვაქვს თურქებთან.
ისინი აქ მოსულან როგორც დამპყრობლები, უცხოელები და მათ უნდა დატოვონ ჩვენი მიწა-წყალი. ეს კრება ნაძალადევია, ჩვენ ჯარებითა და ზარბაზნებით ვართ გარშემოტყმული. მე პირადად, როგორც ქართველი მუსლიმანი, ხმას ვაძლევ ჩვენს დედა სამშობლოს — საქართველოს!”
ამის მიუხედავად, დაშინებით, მოსყიდვითა თუ შანტაჟით, რეფერენდუმის ჩამტარებლებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს — დღის ბოლოს, ყუთში თეთრს მწვანე ბიულეტენები ჭარბობდა.
ჰასან თხილაიშვილმა საარჩევნო უბანი დაარბია, ყუთი გაიტაცა და რეფერენდუმი ჩაშალა. თუმცა, გამცემების წყალობით მისი დაპატიმრება მაინც შეძლეს და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. ჰასანი ზარბაზნის ლულაზე მიაბეს, მაგრამ სასიკვდილოდ განწირული გერმანელმა ოფიცერმა იხსნა..
გასაბჭოების შემდეგ, ჰასან თხილაიშვილი იყო ჩაქვის თემის მილიციის კომისარი, ქობულეთის სამაზრო მილიციის უფროსი, ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავ-რე, სამაზრო სასამართლოს და აჭარის ცაკ-ის წევრი.. დიდი ღვაწლი მიუძღის ქობულეთში ქართული სკოლების დაარსებაში..
და… ერთი იმპერიის რისხვას გადარჩენილი ქართველი მუსლიმი, მეორეს ვეღარ გადაურჩა. სხვა მამულიშვილების მსგავსად, საბჭოთა ტერორის ხელი მასაც მისწვდა. 1937 გადაასახლეს. 1942 წელს გარდაიცვალა.
მის საფლავს ბოლომდე ეძებდნენ მისი შვილები, შვილიშვილები, მაგრამ ვერ მიაგნეს. დიდი ქართველის საფლავი დღემდე დაკარგულია. არ შემორჩენილა მისი ფოტოც. ქობულეთში კი, იქ სადაც 103 წლის წინ მისი ისტორიული სიტყვები გაისმა, ახლა მისი ხსოვნის პატარა მემორიალი დგას.