რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინისკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის. როგორც მედინსკიმ „ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა ის მოლაპარაკების დრაფტისა და უფრო მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს არ იზიარებს.
„შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ჩვენ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. და მე ვხედავ, რომ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო უწყებები ძალიან ჩამორჩებიან იმ შეთანხმებების რეალიზების პროცესშიც კი, რომლებიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე“, – განაცხადა მედინსკიმ.
მედინსკის თქმით, პირველ ეტაპზე შეთანხმებული საკითხებად რჩება: უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სტატუსი; უარი უცხოური სამხედრო ბაზების, ჯარების, შეტევითი იარაღის განთავსებაზე, მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებასა და წარმოებაზე; გარანტორი სახელმწიფოების ნებართვით უცხოური ჯარების მონაწილეობით წვრთნების ჩატარება; უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სისტემის შექმნა.
ცნობისათვის, გუშინ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა და რომ გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია. ასევე, არახამიამ აღნიშნა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დიდი ალბათობით სტმბოლში გაიმართება.