ძველი პოლიციელებიდან შესაძლოა, რამდენიმე ათეული პროცენტი დარჩა, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, ვეღარ ვცნობ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრაქტიკულად დღეს პოლიცია აღარ ჰყავს.
„ჩემი აზრით, პოლიცია საქართველოს პრაქტიკულად აღარ ჰყავს. რამდენიმე ათეული პროცენტი შეიძლება, დარჩა ძველი პოლიციელების, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, რასაც ვუყურებ. ვერ ვცნობ. მაგალითად, მაშინ პოლიციაში რომ მოხვედრილიყვნენ, გახდომის წამლებს სვამდნენ და სპეციალურად ვარჯიშობდნენ, რადგან ღიპიან პოლიციელს პოლიციაში არ იღებდნენ. ახლა ისევ ვიზუალურადაც იქცევიან შევარდაძისდროინდელებივით, რადგან ხიხოსტანში წახალისებულია უტიფრობა, სიუხეშე, ყველაფრის პირიქით წარმოდგენა.
აქედან გამომდინარე, პოლიციაშიც მოგვიწევს სერიოზული შიდასტრუქტურული ცვლილებები. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი შესანარჩუნელებელია, მაგრამ ამ ხალხს უნდა მიეცეს სულ სხვა ინსტრუქტაჟი. უნდა მოხდეს პოლიციის სრული დეპოლიტიზაცია, სრული დეპოლიტიზაცია სასამართლო და სრული დეპოლიტიზაცია პროკურატურის. სხვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთეში.