ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე იმართება, ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც ასოცირებულმა და ევროკავშირის კანდიდატობის მსურველმა ქვეყანამ, უნდა დაიცვას ფუნდამენტური პირობები, მათ შორის ადამიანის უფლებები. მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ისინი ხედავენ მედიის თავისუფლების სერიოზულ შესუსტებას, რომელიც უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილია.
როგორც ლექსმანმა განაცხადა, მის მიერ ჩამოთვლილი ტენდენციები ქართველი ხალხის სურვილებსა და ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა“, – განაცხადა ლექსმანმა.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქნება.
„მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.