მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა!
„დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით. ბევრი მათგანი მუშაობდა ისე, რომ არ ელოდა, არც ითხოვდა აღიარებას ან განსაკუთრებულ დაფასებას. ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად (რაც ყოველთვის ორგანულია ამ სფეროში) არ ჰკარგავდნენ ენთუზიაზმს და არ იმჩნევდნენ დაღლასა და ცხოვრებისეულ ყოფით სირთულეებს, ღირსეულად იტანდნენ დაუმსახურებელ მედია, თუ შიდა სტრუქტურულ (ხანდახან სუსხიან პოლიტ-ანგაჟირებულ) კრიტიკას და აგრძელებდნენ შრომას ისე, რომ ეს საქმეს არ შესტყობოდა.
მადლობა, იმ ადამიანებს ვინც თავდაუზოგავი (ზოგჯერ სიცოცხლისთვის სარისკო) შრომის ფასად, მუდმივად უწევდათ ოჯახისთვის, შვილებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის ყურადღების მოკლება; ყოველთვის ცდილობდნენ ესწავლათ სხვის, თუ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში სახელმწიფოსთვის და მისი ინსტიტუციებისთვის აერიდებინათ მოჯადოებულ წრეზე სიარული და პროგრესისთვის შემაფერხებელი ბარიერები! განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვისგანაც გავიაზრე „შიშისგან თავისუფლების“ იდეა; ვინც ჩამინერგა მრწამსი, რომ ამ სფეროში (ისევე როგორც ცხოვრებაში) ორი რამ არის მთავარი: ღირსება და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება!
მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!
არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.
დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში! მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“, – წერს ქემოკლიძე.
ცნობისთვის, კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 20 დღის წინ, 4 თებერვალს დაინიშნა.