საქართველოში კოვიდპასპორტების სისტემა 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს.
როგორც ფერაძე საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ამბობს, რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
“შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ლი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.
შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას”, – თქვა ფერაძემ.
1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მწვანე პასპორტის აღება შეუძლია:
- პირს, რომელიც ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ;
- ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
- ან წარსულში გადატანილი აქვს კორონავირუსი.
1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას, ესენია:
- კვების ობიექტები;
- გასართობი ცენტრები;
- კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
- სამორინეები;
- სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
- საკონცერტო დარბაზები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტების – საბაგირო გზები;
- ბარების ღია და დახურული სივრცეები.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მწვანე პასპორტს მოსთხოვენ მხოლოდ ობიექტების სტუმრებს და არა იქ მომუშავე ადამიანებს.