მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან ქვეყნის მასშტაბით შაბათ-კვირასაც იმუშავებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება დედაქალაქშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები საღამოს 9 საათამდე იმუშავებენ.