“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამერთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიას მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში ნატალი საბანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ანულირებულ შეთანხმებას 3 ძირითადი ასპექტი ჰქონდა , ესენია: საგარეო, საშინაო პოლიტიკური და სიმბოლური.
“ასეთი აღქმა იყო, რომ მმართველი გუნდისთვის ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება. ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ არ მოაწერა ხელი ამანაც განაპირობა მათი ეს ნაბიჯი. რაც შეეხება შეთანხმების ასპექტებს – პირველ რიგში, შიდა მხარე, ეს ეხება რეფორმებს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონის ამაღლებას, მათ შორის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმება, რაც მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. საგარეო პოლიტიკური მხარე არის ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ნამდვილად დამაზიანებელია ორმხრივი ურთიერთობისთვის და სიმბოლური მხარე, რაც არის პოლარიზაციის შემცირება, რამაც, შესაძლოა, ისე არ იმუშავა, როგორც ჩაფიქრებული იყო. სამივე ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და რჩება ჰაერში. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მე ვიქნები მისი მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში. გარკვეულწილად დისტანციურად მომიწევს ამის გაკეთება, რადგან მომავალ წელს აშშ-ში მივემგზავრები, როგორც მოწვეული პროფესორი, მაგრამ თანამშრომლობას გავაგრძელებ”, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.
მან ასევე თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 8-წლიანი თანამშრომლობა საკუთარი სურვილით დაასრულა.
„იყო გარკვეული შელაპარაკება და უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი. ჩემი სურვილით წავედი, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი მისია იმ მომენტისთვის ამოწურული იყო. არაფრის განმარტება და არავის მიმართ ხელის გაშვერა არ მინდოდა, რადგან არ მსურს დავაზიანო საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც 8 წლის განმავლობაში ვმსახურობდი“, – აცხადებს ნატალი საბანაძე.