საქართველოს გამოკითხული მოსახლეობიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კითხვაზე: თქვენი აზრით საქართველოში არის ამჟამად დემოკრატია? – NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არის, 50% ამბობს, რომ არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, 43%-სთვის – მნიშვნელოვანი, 4%-სთვის – უმნიშვნელოა, 1%-სთვის სრულიად უმნიშვნელო.
პასუხი არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა, დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22%-სთვის – არა. ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხოლო 21%-ის მოსაზრებით – არის. გამოკითხული პირების 55%, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა, ხოლო 31%-ის მოსაზრებით – არის. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი არ არის.
გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის მისაბაძი მაგალითია, 34%-ის აზრით, ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა, ბოლო წლებში არ არის, 25%-ის აზრით – საქართველო არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი, პასუხი არ იცის 18%-მა.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, 51%-ის მოსაზრებით – არ მოქმედებს, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ, 31%-ის აზრით – მოქმედებენ, პასუხი არ იცის 15%-მა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.