22 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.
„დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით. დასავლური სამყარო, ბევრისთვის მოულოდნელად, უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს და არა მხოლოდ უკრაინას უდგას გვერდით მისი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, არამედ ძალიან დიდ და მტკივნეულ ფასს ახდევინებს რუსეთს.
დასავლელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი სხვადასხვა დონის წარმომადგენლების მიერ ღია და დახურულ კარს მიღმა გაკეთებული განცხადებებით, დასავლური ერთიანობა ურყევია, ხოლო მათი გადაწყვეტილება მტკიცე, რომ პუტინის დამნაშავე რეჟიმმა საკადრისი პასუხი მიიღოს. აშკარაა, რომ იქმნება ძალიან ცხადი გამყოფი ხაზი, ერთის მხრივ, ცივილიზებულ სამყაროსა და მეორეს მხრივ, პუტინის რეჟიმსა და მის მცირერიცხოვან ღია თუ პასიურ მხარდამჭერებს შორის. მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა გააკეთა არჩევანი უკრაინის თავისუფლებისა და ერთიანობის სასარგებლოდ, თუმცა ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ბოროტების მანქანის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინა – ესაა არჩევანი მსოფლიოში მშვიდობის, დასავლური სამყაროს ერთიანობის, წესრიგსა და თანასწორობაზე დამყარებული სტაბილურობის სასარგებლოდ. საქართველოსთვის ეს არჩევანი ყოველთვის ცხადი და ბუნებრივი იყო. ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა და არაერთგზის იწვნია რუსეთის აგრესია და ექსპანსიონიზმი, რაშიც ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ძალიან ძვირი ფასი გადავიხადეთ. ამასთან ერთად, ახლა ჩნდება ისტორიული შანსი, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს ქართველების მრავალი თაობის სურვილი და ნაღვაწი, რომ საქართველო რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
ამიტომ, დღეს საქართველოს პოზიციაში ეჭვი არავის უნდა შეჰქონდეს – ის ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იდგეს დასავლეთის და განვითარებული მსოფლიოს გვერდით, საპირისპირო გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბუნდოვანი და არათანმიმდევრული რიტორიკა ეჭვებს აჩენს მისი, როგორც დასავლეთის ქვეყნების პარტნიორის სანდოობასთან და ერთგულებასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
იმ მიზნით რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული და გატარებული ცხოვრებაში, საჭიროდ მიიჩნევენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:
მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;
„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;
მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;
საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;
პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი.
განცხადებას ხელს აწერს:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
ცენტრი “ემპათია”
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
მწვანე ალტერნატივა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
ევროპის ფონდი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ლიბერალური აკადემია
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საფარი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)