“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს.
როგორც მელიამ აღნიშნა, ის აპირებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად, მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს.
“მოგეხსენებათ, ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.
“მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას. ამის შემდეგ მათ რა თქმა უნდა მოუწევთ ყველაფრის გაკეთება. თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ მათ საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი”, – თქვა ნიკა მელიამ.