საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ეს მოთხოვნა უკვე არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა,- ამის შესახებ მედიასთან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„კითხვა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს ჩარევას უცხო ქვეყნებისგან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე არ მინახავს ეს განცხადება, შესაბამისად, თუ ვინმე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ითხოვს, ეს არის უკანონო. კიდევ მრავალჯერ შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს იქნება მეგობრებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ პარტნიორი ქვეყნებისგან, თუ ეს რეკომენდაციები არის თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, კანონის უზენაესობასთან და სამართალთან, ამ რეკომენდაციებს ყოველთვის ვიღებთ და ვახორციელებთ. დასავლელი პარტნიორები ძალიან ფართო ცნებაა, ვინ არიან დასავლელი პარტნიორები?! კონკრეტულ ქვეყნებს გულისხმობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ყველას? ყველა დასავლელი პარტნიორისგან არ არის ყოველთვის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ. მაგალითად, არიან ევროპარლამენტარები, რომელთა რეკომენდაციებსაც ჩვენ არ მივიღებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არ არის თანხვედრაში ჩვენი კანონის უზენაესობასთან”, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, „უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ ციხეში არსებულ ვითარებაზე”.
„ცა და დედამიწაა 2012 წელსა და 2021 წელს შორის ციხეში არსებული ვითარება. საქართველოში პენიტენციური რეფორმა ევროკავშირის მიერ შეფასებულია როგორც ერთ- ერთი შთაგონების წყარო სხვა ქვეყნებისთვის,”- განაცხადა სამხარაძემ.