„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.
დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავას განცხადებით კი, საქართველო განვითარების ახალ გზაზე უნდა გადავიდეს.
“ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის – “მოძრაობა საქართველოსთვის”.
მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“,-გაცხადა უგულავა.
ოპოზიცია, 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. დღეს გამართულ ოპოზიციის შეკრებაზე “გირჩის” ლიდერები არ იმყოფებოდნენ.