დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ არცერთ შემთხვევაში, დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. იმნაძის თქმით, ამის მიზეზი ვაქცინაციაა, რადგან დაავადებული პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია.
„ყველა პაციენტი საზღვარგარეთაა ნამყოფი ან მათი ახლო კონტაქტია. აბსოლუტური უმრავლესობა არის ორჯერ აცრილი. ზოგს ბუსტერიც აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ისინი აღმოჩნდნენ ომიკრონის შემომტანებიც და გამავრცელებლებიც. აქ გამოჩნდა ვაქცინაციის სიკეთე – არცერთ ამ ადამიანში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს“, – აღნიშნავს პაატა იმნაძე.