დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში საჯაროდ გაიკეთა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. ამიტომ მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში. ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ “ – განაცხადა იმნაძემ
ჟურნალისტებთან. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პაატა იმნაძის მსგავსად, საჯაროდ ჩაიტარეს სხვა ცნობილმა ექიმებმაც. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე. ასევე, ექიმები გუგა ქაშიბაძე, თამარ გიორგაძე და სხვები.
გუშინ, ჟურნალისტებთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვაქცინაციის მიზნით, მათ დაწესებულებაში 150 ექიმი დარეგისტრირდა.
ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ “ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება. “ხომ იცით, აკრძალული ხილი უფრო სასურველია – როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, არ არის დიდი რაოდენობა – ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან. ინტენსიურად რეგისტრირდებიან. ასევე აიცრებიან მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები ხანდაზმულები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.