პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონის პროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარი 82 ხმით, 7 წინააღმდეგ დაუჭირეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების სახეებისა და დისციპლინური წარმოების განხილვის ვადებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებისა და წესების ახლებურად მოწესრიგებას.
მომხსენებლის განმარტებით, თუ კანდიდატი კონკურსში მონაწილეობისას მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.
კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების 2 წლიანი ვადა კიდევ ერთი წლით იზრდება.
პროექტის თანახმად, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში გამოიხატება.
ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება – განახევრება ყველა ეტაპზე, რაც მომხსენებლის შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.