ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს, ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა, – ამის შესახებ ილია მეორის 2022 წლის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.
“დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი. ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრისმომცემი. მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით. გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა”, – აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.