Pfizer-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები შექმნა. ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ცნობით, მათ მიერ დამზადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.
კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს მიმართავენ, რათა რაც შეიძლება მალე დაუშვან კომპანიის ახალი პრეპარატი.
ცნობისათვის, კომპანიამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს ცდიდა. აპრილში Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა კორონავირუსის სამკურნალო აბები, რომელსაც ინფიცირების დადასტურებისთანავე ორალურად მიიღებენ პაციენტები. ბურლას თქმით, ანტივირუსული საშუალება ეფექტიანი იქნება ვირუსის ვარიაციების წინააღმდეგაც.