შპს სერპანტინის მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედა, თამარ ჯანყარაშვილია, რომელიც ამავდროულად ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია. მოგებული 158 ტენდერიდან 90 კახეთიდანაა, 70 შემთხვევაში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა, 14 შემთხვევაში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე და ამავდროულად, 6 მილიონი ლარი უტენდეროდ მიიღო. თქვენი აზრით, ყველაზე მეტად ვის გაუხარდა ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერად და მის მიერ დაანონსებული “ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის ზრდა” ?
ფლანგვის დეტექტორის მიხედვით, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია, შპს სერპანტინი, წლებია აქტიურად იგებს ტენდერებს. კომპანიას 2011 წლიდან მოგებული აქვს 158 ტენდერი, რის შედეგადაც ბიუჯეტიდან ჯამში 112,144,059 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვების შედეგად კომპანიას 2012 წლიდან დღემდე 6,327,216 ლარი აქვს მიღებული.კომპანია ჯერ კიდევ 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში მონაწილეობას 2011 წლიდან იწყებს. შპს სერპანტინს თავდაპირველად შემდეგი სამი მესაკუთრე ჰყავდა: ვახტანგ ჩიკვაიძე, ნიკოლოზ კობეშავიძე და ვლადიმერ ჩიკვაიძე.
წლების განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იცვლებოდნენ მესაკუთრეებიც. საჯარო რეესტრის 2010 წლის ჩანაწერებში კომპანიის მესაკუთრეებს შორის ჩნდება თამარ ჯანყარაშვილი, რომელიც დღემდე რჩება მესაკუთრეთა შორის. მიმდინარე მონაცემებით, შპს სერპანტინის წილები ორ მესაკუთრეს შორის არის გადანაწილებული. კომპანიის 69%-იანი წილის მესაკუთრე თამარ ჯანყარაშვილია, ხოლო 31%-ის მესაკუთრე ნუგზარ ხუცაიძე. კომპანიის დირექტორის პოზიციას ზურაბ ფეიქრიშვილი იკავებს. შპს სერპანტინის 69% წილის მფლობელი თამარ ჯანყარაშვილი ქართულ ოცნებასთან და ირაკლი ღარიბაშილთან დაკავშირებული პირია.
ერთის მხრივ თამარ ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო მეორეს მხრივ ის ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაა.ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა ირაკლი ღარიბაშვილის ნათესაური კლანი და ნათესავების საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევები.
თამარ ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედაა, ხოლო მეორეს მხრივ ის ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის მამიდაა
აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ კითხვების დასმის დროს რაღიბაშვილმა განაცხადა რომ “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”.კომპანია სერპანტინის ირგვლივ რამდენიმე კორუფციული რისკი არსებობს. პირველ რიგში კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის, თამარ ჯანყარაშვილის კავშირი ირაკლი ღარიბაშვილთან, რაც გამოიკვეთება თამარ ჯანყარაშვილის კავშირში ღარიბაშვილი ყოფილ მოადგილე დავით ზედელაშვილთან და სიმამრ თამაზ თამაზაშვილის ოჯახთან.
“ფლანგვის დეტექტორი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ინოვაციური მედიაპროექტი, რომლის ძირითად მიზანსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების მონიტორინგი და მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენს.