უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც უკრაინა დიდ ბრძოლებს მოიგებს, მათ შორის დონბასში. ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
“მხოლოდ იმის თქმა, რომ ერთ-ორ კვირაში ჩვენ შევხვდებით პრეზიდენტების დონეზე… – არა. ეს მოხდება შემდეგი გზით: უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლები, მათ შორის დონბასშიც, რის შემდეგაც უკრაინა შეძლებს მიიღოს მოლაპარაკებების უფრო არსებითი პოზიცია, სადაც მას შეეძლება, უკარნახოს გარკვეული პირობები. პრეზიდენტები ამის შემდეგ შეხვდებიან. ამას შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს, შეიძლება – სამი” – განაცხადა პოდოლიაკმა.
მიხაილო პოდოლიაკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა გამარჯვებისთვის ძალიან დიდ ფასს იხდის, ყოველდღიურად კარგავს მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას.
“თუმცა, მინდა, ყველამ გაიგოს: რუსეთმა უნდა მოიცილოს თავისი იმპერიული ილუზიები და უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამას გააკეთებს. რა დრო დაგვჭირდება ამისთვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივიღოთ ძლიერი გარანტიები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რათა სამუდამოდ დავუკეტოთ ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქვეყნების იმპერიულ ამბიციებს. პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებებს, როცა ამ მხრივ აბსოლუტურად მკაფიო პოზიციები გვექნება”. – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.