რა ხდებოდა მანამდე ნაცმოძრაობის ოფისში
ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს – ღამის ქრონიკები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხალხმრავლობა და ხმაურია. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაათენეს.
მთელი ღამის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც, ათობით მხარდამჭერთან ერთად. იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ღამით მოახდენდა, თუმცა პარტიის ოფისში შესაბამისი სამსახურიდან ღამე არავინ გამოჩენილა.
დილიდან კი, მობილიზაცია შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც გამთენიისას ასეულობით ავტომანქანა შევიდა. ბაზის ტერიტორიაზე დგას ავტობუსებიც.
შსს-ს თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დილით გამოცხადდნენ და ითხოვდნენ, რომ სასამართლოს განჩინება უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის ჩაებარებინათ, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი დახვდა და სთავაზობდა, განჩინების მისთვის გადაცემას.
„მე მოვედი, რომ ჩაბარდეს ნიკა მელიას აღსრულების ფურცელი, უშუალოდ მას უნდა ჩაბარდეს ეს განჩინება“, – მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა ნიკა მელიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს. დიდი ხნის განმავლობაში შსს-ს თანამშრომლებს პარტიის ოფისში შესვლის უფლება არ ეძლეოდათ, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. ადგილზე იყო ხმაურიც.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეკრებილებმა პოლიციის თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს, შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა იქნება გამოყენებული. „განჩინების აღსრულების მიზნით, მოვედით ოფისში, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება ოფისში. თუმცა, ისიც დაინახეთ, რომ კარი ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ზომა“, – განაცხადა გამომძიებელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ და ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.
ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პოლიციის მიერ ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. “საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თუკი მოვლენ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ, როგორც სამსახურში გამოცხადდნენ დღეს, ისე გაიხდიან აღჭურვილობას და დაუბრუნდებიან სახლებს წყნარად. ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ და ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებს თავს, რომელიც ერთი კაცის სამსახურია და არა ქვეყნის სამსახური. ისინი თავისუფლების იდეაზე ვერ გაიმარჯვებენ, რაც არ უნდა კადრებში ფარები და აღჭურვილობა გამოაჩინონ. ჩვენ არ ვხუმრობთ. ციხით ვერავის ვერასოდეს შეაშინებ, როდესაც ის ადამიანი, ვისაც დაჭერას უპირებ, მართალია.
ჩვენი შეშინება გამორიცხულია. ზუსტად ვიცით, რომ ბედნიერებაა ვიყოთ იქ, სადაც ვართ“,- განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. შეგახსენებთ, რომ სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვის საკითხზე გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სრულად დაკმაყოფილდა. პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ წინ, 88 ხმით მოუხსნა.