პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერზე, ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, წარმოუდგენელია ამ ჩანაწერებით სპეკულირება და მათზე სერიოზული კომენტარის გაკეთება.
“საერთოდ, მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, გაუგებარია აბსოლუტურად, არის ავთენტური თუ არ არის ავთენტური საუბარი, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება და არიან რა, ისინი გამწარებულები, სასოწარკვეთილები და ამ მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.
კიდევ ვიმეორებ, რომ მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს, არ მაინტერესებს საერთოდ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.