„ჩემთვის დღეს მთავარი საფიქრალი, საზრუნავი არის საქმე, რომელიც უამრავი გვაქვს ქვეყანაში, დღეს ჩვენს ხალხს აწუხებს უამრავი პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, შესაბამისად, მისი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა, ბოლომდე დაიხარჯოს იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გასცა, ზედმიწევნით პირნათლად შეასრულოს.
„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პირდაპირი მოვალეობაა და არა არჩევანი, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო, ბოლომდე დავიხარჯო იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ზედმიწევნით პირნათლად შევასრულო და ჩემი წვლილი შევიტანო სიღარიბის დაძლევაში, უმუშევრობის შემცირებაში, მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე მიწევდა საუბარი, ჩვენ გვიწევდა საუბარი და ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიისას კონცენტრირება გვქონდა მოწინააღმდეგეებზე და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდით, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს. არჩევნების დასრულებისთანავე, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არის საინტერესო არც პატიმარი, არც პატიმრები, არც პოლიტიკური ოპონენტები. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, შესაბამისად, ჩემთვის რა თქმა უნდა, საინტერესოა ის მიმდინარე საკითხები და პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, რა სჭირდება ქვეყანას და ხალხს, რა ამოცანები დგას ქვეყნისა და ხალხის წინაშე და აქედან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.
„ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ოპონენტებთან კინკლაობას და მათთან უსაგნო, უშინაარსო პოლემიკას, რაც აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ველაპარაკები და გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც რეალურ პრობლემებს მოუგვარებს ჩვენს მოსახლეობას. როგორ შევძლებთ ამას – რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობით. პროაქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ ყველა, მთელი გუნდი. მე პირადად ვარ აბსოლუტურად მოტივირებული, მთელი მთავრობა, როგორც ერთიანი გუნდი, ვართ მოტივირებული, რომ ყველა ის დასახული გეგმა და ამოცანა, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ, შევასრულოთ. მოგეხსენებათ, შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების გეგმა, ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რასაც სჭირდება პროაქტიურ რეჟიმში მუშაობა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეცდება იმას, რომ მათი უინტერესო, გაუგებარი საკითხები იყოს ყოველთვის დღის წესრიგში. მე ასე გიპასუხებდით, რომ ჩვენს ქმედებაზე, ჩვენს აქტიურობაზე არის დამოკიდებული ეს ყოველივე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.