ავსტრიელები ქვეყნიდან გაძევებული ქართველების – დედისა და მისი ორი შვილის სასწრაფოდ უკან დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოჯახი ძალის გამოყენებით ვენიდან გვიან ღამით, აქციების ფონზე გამოუშვეს.
“ეს დეპორტაცია სრულიად მანადგურებს. არ შემიძლია და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მეთოდები საჭიროა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ფან დერ ბელენმა. მომხდარის დეტალების გარკვევა ვცადეთ.
მიხეილ ხაჩიძე, ჟურნალისტი:
”ცოცხალაშვილების ოჯახს პირადადაც ვიცნობ, ისინი 10 წელია ავსტრიაში ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ და ორივე სკოლაში სწავლობს. აქამდე სამჯერ იყო მათი დეპორტის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ, მეოთხედ უკვე მოახერხეს და პოლიციის მეშვეობით გამოძევეს ქვეყნიდან. მათი დეპორტაცია აქციის ფონზე მიმდინარეობდა – აქციაზე გამოვიდნენ მათი მეგობრები, ბავშვების კლასელები… მერე უკვე ავსტრიის პრეზიდენტმა და პოლიტიკოსებმაც დაგმეს ეს ფაქტი. შემდეგ ავსტრიელებმა აქციები დაგეგმეს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ, მომხდარ ამ ჭრილში განიხილეს და ამბობენ, ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენს საზოგადეობაში ინტეგრირებულ ადამიანებს კი ძალადობით ყრიანო…”
ავსტრიაში საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრონტექსის” დამკვირვებელს ირმა ცირამუა-ჰომონი:
”როგორც ბავშვების დედამ – ნინომ აღნიშნა, დეპორტაციის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვებზე ჰუმანიტარულ ვიზაზე ჰქონდათ მოთხოვნა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ე.წ. დეპორტაციის დაცვა. როგორც თვითონ აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ დედა და ბავშვები წამოვიდნენ საქართველოში და 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ავსტრიაში. ბოლო სამი წელია იცოდნენ, დეპორტაციის კანდიდატები რომ იყვნენ, მაგრამ მოახერხეს დროის გაწელვა. 6 თვის წინ ვიზაზე მოთხოვნა მხოლოდ ბავშვებზე შეიტანეს და რადგან მოთხოვნა შეგაქვს, ეს პერიოდი დეპორტაციისგან არ ხარ დაცული. თუ მოხდა ისე, რომ სადღაც მაინც ჩაგავლეს და აგიყვანეს, კანონიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში არაფერი გშველის. რაც ეხება ინტეგრაციას, მართლა მტკივნეული თემაა, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში აქ ძალზე ცოტა მინახავს ასეთი ინტეგრირებული ქართველი, როგორიც ნინოა, შრომობს და სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის.
ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეებს ძალზე იშვიათად აძლევენ თავშესაფარს, ამისთვის მართლა პოლიტიკური მიზეზი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ისინი თავშესაფარს ვერც მოითხოვდნენ. ზოგადად, დეპორტაციის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უსაფრთხო ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ნებისმიერ ადამიანს აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ მოვა ის დღე, როცა დეპორტს გაგიკეთებენ. ნინო ცოცხალაშვილის ოჯახი სპეცრეისით გამოუშვეს საქართველოში.
შანსს რაც ეხება, ევროპული შეშფოთების და აქციების იმედი დიდად არ მაქვს, ეს არაფრის მომტანია. ერთადერთი, რასაც ვხედავ ისაა, რომ თუ კი ბავშვებზე გაითვალისწინეს, რომ ინტეგრირებულები არიან, შესაძლოა რაღაც შანსი კიდევ იყოს. ბავშვები აქ არიან დაბადებულები, აქაურ სკოლაში დადიან და საკმარისად ინტეგრირებულები არიან. ის, რომ იყო დიდი ხმაური და ამ ფაქტს პრეზიდენტი და პარლამენტის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, საკმარისი არაა. ეს ყველაფერი, უბრალოდ, მხოლოდ დროის გაყვანაა”.
წყარო: ambebi.ge