სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს.
მომიტინგეებს საქართველოს დროშები და ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: “თავისუფლება მიშას!”, “შეწყდეს პოლიტიკური შურისძიება”, “ყველა ერთისთვის” და სხვა.
“ამ ადამიანებთან კომუნიკაციაშიც კი არ შევიდეთ. არავის ეშინია თქვენი დაკავებების, მაგრამ საბაბს ეძებთ. ვერ დავიჯერებ, რომ ნამდვილ პოლიციელს სიამოვნებდეს რეჟიმის მსახურებაში ყოფნა. ეს არის ბოროტების შენობა, აქ სხედან ისინი, ვინც ერსაც უსმენს, ბერსაც უსმენს და მერე აშანტაჟებენ ადამიანებს და უნგრევენ ცხოვრებას. გამარჯვების და კოალიციური ხელისუფლების შექმნის თანავე აუცილებლად გაუქმდება. ერთი საათით ადრე ის საძაგელი კადრები გაავრცელეთ, რომ ეს ხალხი მდგომარეობიდან გამოგეყვანათ, მაგრამ ვერ მოგართვით”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.