რა ხდება მას შემდეგ, როდესაც თქვენს სხეულში COVID-19-ის ვაქცინა შედის — #1tvმეცნიერება

1tv.ge

COVID-19-ის პანდემიამ, რომელიც კორონავირუსმა SARS-CoV-2-მა გამოიწვია, ადამიანთა ცხოვრება მთელ მსოფლიოში შეცვალა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ამ ვირუსმა მსოფლიოში უკვე 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალი კორონავირუსით საქართველოში 7000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეცნიერები თანხმდებიან, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების მნიშვნელოვანი გზა ვაქცინებია.

თუმცა, აცრა ძალიან ბევრ ადამიანს აშინებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინების მოქმედების პრინციპის შესახებ ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ხშირად ის საკმაოდ ძნელად აღსაქმელია. შევეცდებით, ეს ამბავი შედარებით მარტივად აგიხსნათ.

ვაქცინები ვირუსებთან მისამსგავსებლად იქმნება

ვაქცინების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ისინი თქვენს სხეულს ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ინფექციას ისე, რომ თავად ორგანიზმს არ ჰქონდეს ინფექციასთან საქმე. ამ გზით, ვაქცინები თქვენს სხეულს ამზადებს იმ მიკრობების წინააღმდეგ, რომლებიც სხვა მხრივ ძლიერ ავად გაგხდიდათ.

COVID-19-ის ყველა ვაქცინა ფოკუსირებულია კორონავირუს SARS-CoV-2-ის წვეტ ცილაზე. SARS-CoV-2 მრგვალი ვირუსია, რომელსაც ზედაპირიდან ბუსუსების მსგავსი გამონაზარდები აქვს გამოშვერილი. ამ გამონაზარდებს წვეტ ცილებს უწოდებენ.

ეს ვირუსი უჯრედებში სწორედ ამ წვეტი ცილების საშუალებით შედის და საკუთარი თავის ასლებს ამზადებს. ამას ვირუსი ადამიანის უჯრედების გარკვეული სახის ცილებზე, სახელად რეცეპტორებზე მიწებებით ახერხებს, განსაკუთრებით კი ფილტვის უჯრედებში. ასე შედის ვირუსი ჯანმრთელ უჯრედებში და აინფიცირებს.

ვაქცინები სხეულს ამ წვეტი ცილების წარმოქმნის ინსტრუქციებს აწვდიან. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები ამ ინსტრუქციებს ატარებენ მოლეკულაში, რომელსაც mRNA ეწოდება (საინფორმაციო რნმ). ეს ერთსპირალიანი მოლეკულა ლენტის გრძელ ნაჭერს ჰგავს, რომელზეც დაშიფრულია ცილის წარმოების ინსტრუქცია.

Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინსტრუქციებს უჯრედებს დნმ-ის მოლეკულის საშუალებით გადასცემენ. ადამიანის უჯრედებისთვის წვეტი ცილების დნმ-ის გადასაცემად იყენებენ ვირუსს, სახელად ადენოვირუსს, რომელსაც საკუთარი თავის ასლების წარმოქმნა არ შეუძლია. ეს დნმ mRNA-დ გადაკოპირდება, რომელიც შემდეგ ინსტრუქციებს ცილებად თარგმნის — ამ შემთხვევაში კორონავირუსის წვეტ ცილებად.

ამგვარად, განსხვავება ამ ვაქცინებს შორის მხოლოდ ის არის, რომ Pfizer-ი და Moderna თქვენს სხეულს წვეტი ცილის ინსტრუქციებს mRNA-ის საშუალებით აწვდის, Johnson & Johnson-ი და AstraZeneca კი დნმ-ის საშუალებით. ამის შემდეგ, ისინი ერთნაირი გზით მოქმედებენ.

რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენს ორგანიზმში ვაქცინა შედის?

მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვაქცინას გაიკეთებთ, mRNA-ს ან დნმ-ს ყლაპავს ქსოვილის უჯრედები და კუნთებში არსებული სპეციალური იმუნური უჯრედები, ისევე როგორც დენდრიტული უჯრედები. დენდრიტული უჯრედები მთელ სხეულს დარაჯებივით ყარაულობენ და ეძებენ შემოჭრილი მიკრობების, მაგალითად, კორონავირუსის ნიშნებს.

მაშინვე, როგორც კი დნმ ან mRNA დენდრიტულ უჯრედებში ან ქსოვილის უჯრედებში მოხვდება, ეს უჯრედები მათ მიერ მიტანილი ინსტრუქციების გამოყენებით წვეტი ცილების წარმოქმნას იწყებენ. როგორც წესი, ეს პროცესი 12 საათზე ნაკლებს გრძელდება. მას შემდეგ, რაც წვეტი ცილები უკვე დამზადებულია და იმუნური სისტემისთვისაც ხილული, უჯრედები mRNA-ს და დნმ-ს შლიან და ანადგურებენ,

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ერთი რამ — მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უჯრედები თავად ახდენენ წვეტი ცილების გამომუშავებას, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მთლიანი ვირუსის ასლის შესაქმნელად. თუმცა, წვეტ ცილებს შეუძლია გამოიწვიოს სხეულის იმუნური სისტემის თავდაცვითი მექანიზმის გაძლიერება ისე, რომ ის უკვე მზად არის მთლიანი კორონავირუსის შეჭრის შემთხვევისთვისაც.

როდესაც ქსოვილის უჯრედები და დენდრიტული უჯრედები წვეტ ცილებს არასასურველ სტუმრებად აღიქვამენ, უჯრედები საკუთარ ზედაპირზე წვეტი ცილის მონაკვეთებს ათავსებენ, რათა სხვა უჯრედებმაც დაინახონ. გარდა ამისა, „საფრთხის“ სიგნალს ამავე დროს გამოყოფენ დენდრიტული უჯრედებიც, რათა უჯრედებს ამცნონ, რომ წვეტი ცილა საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შემდეგ, ეს გამაფრთხილებელი სიგნალები თქვენი სხეულის იმუნურ პასუხებს აძლიერებს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენი იმუნური სისტემა აღიგზნება?

ამ პროცესის წყალობით, სხეული უკვე მოწოდების სიმაღლეზეა და მზად არის შემოჭრილი სხეულების წინააღმდეგ ბრძოლისთვის — ამ შემთხვევაში, COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების შემდეგ წარმოქმნილ წვეტ ცილებთან საბრძოლველად.

სხეულში არსებული იმუნური უჯრედები, რომლებსაც B-ლიმფოციტები და T-ლიმფოციტები ეწოდება, გარედან შემოჭრილ სხეულთა გამაფრთხილებელ ნიშნებს ცნობენ. საჭირო ზონაში ათასობით ასეთი უჯრედი გარბის, რათა ახალი საფრთხე შეისწავლონ და თავდაცვაც უზრუნველყონ.

B-ლიმფოციტები წარმოქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც წვეტ ცილებს ანადგურებენ. სხვადასხვა B-ლიმფოციტი ბევრ სპეციალიზებულ ანტისხეულს წარმოქმნის, რომლებიც ვირუსის ან ბაქტერიის სხვადასხვა ნაწილებს სცნობენ. B-ლიმფოციტები ერთგვარი ფაბრიკებია, რომლებიც შემოჭრილი საფრთხის საწინააღმდეგო ანტისხეულთა წარმოქმნას აგრძელებენ მას შემდეგაც კი, რაც ის უკვე აღარ არსებობს; შედეგად, სხეული მომავალშიც დიდი ხნით არის დაცული.

საფრთხის სიგნალისთანავე, B-ლიმფოციტებს ანტისხეულების წარმოებაში ეხმარება T-ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი, სახელად დამხმარე T-ლიმფოციტები. ამასობაში, კიდევ ერთი სახის T-ლიმფოციტები ამოწმებენ, არის თუ არა ვირუსის მიერ ინფიცირებული სხეულის სხვა უჯრედებიც. თუ ეს T-ლიმფოციტები ინფიცირებულ უჯრედებს შენიშნავენ, ანადგურებენ, რომ უფრო მეტი ასლები ვეღარ წარმოქმნან და ინფექცია სხვა უჯრედებს ვეღარ გადასცენ.

რატომ გვტკივა მკლავი?

ვინაიდან ყველა ეს მნიშვნელოვანი პროცესი თქვენს სხეულში ხდება, შეიძლება დაგეტყოთ იმის გარკვეული ფიზიკური ნიშნები, რომ თქვენს კანქვეშ ამ დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. აცრის შემდეგ მკლავში ტკივილის მიზეზი ის არის, რომ იმუნური უჯრედები, მაგალითად, დენდრიტული უჯრედები, T-ლიმფოციტები და B-ლიმფოციტები მკლავისკენ გარბიან, რათა საფრთხე შეამოწმონ.

ასევე შეიძლება აგეწიოთ ტემპერატურაც ან იგრძნოთ ავადმყოფობის სხვა ნიშნები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სწორედ იმას აკეთებს, რაც გსურდათ. ეს უსაფრთხო და ბუნებრივი პროცესია, რომელიც მაშინ ხდება, როდესაც სხეული წვეტ ცილებთან ბრძოლას სწავლობს. ამგვარად, თუ შემდეგ რეალურ კორონავირუსთან გექნებათ კონტაქტი, თქვენს სხეულს უკვე ნასწავლი აქვს, როგორ დაგიცვათ მისგან.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.