ჯერჯერობით რეკომენდაცია არის ასეთი, რომ ანტიგენ ტესტის გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული „ომიკრონის“ დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში შეიძლება დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს თავის მდგომარეობას. რჩევაა, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ, რომ დიაგნოზი დავადგინოთ , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას.
„თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა: სიმპოტომი არ არის, კონტაქტია და მიზეზია იმისთვის, რომ PCR-ტესტი ჩატარდეს, ამ შემთხვევაში ექიმი ურჩევს მას, რომ PCR-ტესტი ჩაიტაროს. რა თქმა უნდა, სიმპტომურ შემთხვევაშიც ხდება PCR-ტესტის ჩატარება, მაგრამ სიმარტივისთვის მივმართავთ ანტიგენ-ტესტს, რომელიც სწრაფად გვაძლებს დეტექციის შესაძლებლობას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ადრეულ ეტაპზე „ომიკრონი“ PCR-ტესტმაც შეიძლება ვერ დაადგინოს. „ადრეული ეტაპია, როცა მაგალითად ადამიანს ჰქონდა კონტაქტი, აქვს სიცხე, მეორე დღეს შესაძლოა არ გამოუვლინდეს. შედარებით დადებითი, რაც ახასიათებს „ომიკრონს“, ისაა, რომ ის ღრმად არ მიდის ფილტვის ქსოვილში და შედარებით ზედაპირზე რჩება და მისი გავრცელების ეს ხასიათი განაპირობებს იმას, რომ დეტექცია ანუ გამოვლენა ზედა სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებში, ადრეულ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამიტომ რჩევაა, რომ ტესტი მეორე-მესამე დღეს ჩაიტარონ, რომ დიაგნოზი დავადგინოთ“, – განაცხადა გაბუნია.