21.11.2024

რომელი კომპანიის აქციები გაზარდა ყველაზე მეტად პანდემიამ 2020 წელს

ვიდეოპლატფორმა Zoom (NASDAQ: ZM) = 2020 წლის სინონიმი  +493%

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 2019 წელს გავიდა, პანდემიის წყალობით მან უკვე დააგენერირა სუფთა მოგება, თუმცა მომავალში რა იქნება ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რა თქმა უნდა, საცალო მომხმარებლების სრული უმრავლესობა Zoom-ს უფასოდ იყენებს, ფასიანი სერვისით ძირითადად დიდი კომპანიები სარგებლობენ, თანამშრომლებისთვის. პანდემიის დასრულების და ოფისში დაბრუნების შემდეგ კი რთული სათქმელია რამდენად გააგრძელებენ ორგანიზაციები მის გამოყენებას. ამას ემატება ისიც, რომ Zoom-ს ყავს საკმაოდ  დიდი და ანგარიშგასაწევი კონკურენტები – Slack, Microsoft Teams, Google Meet, Cisco WebEx. როდესაც ინვესტორები გაიაზრებენ, რომ მსოფლიოს ნორმალური ცხოვრების სტილში დაბრუნების პარალელურად Zoom ვერ უზრუნველყოფს შემოსავლების აღებული ტემპის შენარჩუნებას, კომპანიის აქციების ფასი ისევე სწრაფად შეიძლება დაეცეს, როგორც 2020-ში გაიზარდა. ეს ტრენდი უკვე ვაქცინის გამოჩენის შემდეგ მალევე დაფიქსირდა. პანდემიის ყველაზე მძიმე დროს Zoom-ის აქცია 559$ ღირდა, ვაქცინის შექმნის შემდეგ, ამ მომენტამდე მისი ფასი თითქმის განახევრებულია.

ელექტრომობილების პიონერი Tesla (NASDAQ: TSLA) +730%

Tesla ძირითადად შერეულ ემოციებს იწვევს ინვესტორებს შორის. ზოგი ხედავს ამ კომპანიას როგორც ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ლიდერს, რომელიც შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ, ხოლო მის აღმასრულებელ დირექტორს Elon Musk-ს აღიქვამს გენიოსად. მეორე ნაწილი კი პირიქით, თვლის რომ Tesla-ს აქციები, ისევე როგორც Elon Musk-ის რეპუტაცია არის გადაფასებული და მიაჩნია, რომ კომპანიას ჯერ კიდევ წინ აქვს ბევრი გამოწვევა სრული პოტენციალის მისაღწევად.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ 2020 წლის დასაწყისში 75$ მილიარდი ბაზრის კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის აქციები 730%-ით ავარდებოდა წლის მანძილზე.

პარალელურად კომპანია აგრძელებდა ავტომანქანების დროულად მიწოდებას და ავტოპილოტის ტექნოლოგიის სრულყოფას. ასევე, Tesla-მ ბატარეის ტექნოლოგიაში წინსვლასთან ერთად, განავითარა დამატებითი კომპონენტები, როგორიცაა ენერგიის შენახვა და მზის ენერგია, რაც ემატება უკვე არსებულ ავტომანქანების ბიზნესს და მომავალში შექმნის მდგრადი ენერგიის ეკოსისტემას.

გადახდების სერვისი Square (NYSE: SQ) +256%

მაშინ როდესაც კლასიკური ბანკები ნერვიულობენ თავიანთი მომხმარებლების გადახდისუნარიანობაზე, აშკარად უფრო ნათელია გზა ფინტექ-ინდუსტრიის წარმომადგენლების ზრდისთვის, რომლის ერთერთი მაგალითია Square. 2020 წელი Square-ისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მისმა მოგებამ ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ამაში მთავარი როლი ითამაშა კომპანიის აპლიკაციამ Cash App, რომელიც ამ პერიოდში გადახდების სერვისის გარდა, საფონდო ბირჟებზე და კრიპტოვალუტებში ინვესტიციების პლატფორმადაც გადაიქცა. საყურადღებოა, რომ როდესაც ფიზიკურ სივრცეებში ადამიანების რაოდენობა გაიზრდება, Square-ს მთავარი პროდუქტი – გადახდის ტერმინალები, ასევე მნიშნელოვანი შემოსავლის წყარო იქნება (როგორც ეს პრე-პანდემიურ სამყაროში იყო).

ველოტრენაჟორი Peloton (NASDAQ: PTON) +362%

პანდემიის დროს აკრძალვები ფიტნეს დარბაზებსაც შეეხოთ. დარბაზებისგან განსხვავებით, Peloton-ს წარმატებული წელი ჰქონდა. ის ველოტრენაჟორები, რომელსაც Peloton აწარმოებს სახლებისთვის არის განკუთვნილი. მართალია პროდუქტი არ არის იაფი (მინიმალური ფასი $2000), თუმცა ლოქდაუნისა და იზოლაციის ფონზე ის ძალიან მოთხოვნადი გახდა. ამასთან, Peloton ვარჯიშის დროს ლიცენზირებული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობასაც სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიამ Beyonce-სთან ერთად სირბილის, იოგის და მედიტაციის თემატური კურსებიც კი შეიმუშავა.

Peloton, ისევე როგორც Zoom საფონდო ბირჟაზე 2019 წელს გამოჩნდა, მაგრამ თავდაპირველად მის დელისტინგს მოიაზრებდნენ. თუმცა, პანდემიის პერიოდში პროდუქტის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, კომპანია შემოსავლების კუთხით პლიუსში გავიდა და აქციების ფასის დიდი ზრდაც დააფიქსირა.

ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Chegg (NYSE: CHGG) +128%

2020 წლის ანგარიშების მიხედვით, Chegg-მა მომხმარებლების რაოდენობის გარდა, შემოსავლების დიდი ზრდაც დააფიქსირა. პანდემიის მეორე ტალღასთან ერთად ონლაინ სწავლების ტრენდი შენარჩუნდა, რაც თავისთავად კიდევ უფრო დადებითად მოქმედებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და აქციების ფასზე.

Chegg-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლეების ნახევარი, რომლებსაც წარსულში არ ჰქონიათ ონლაინ სწავლების გამოცდილება, ეხლა უკვე უნდათ ან კომბინირებულ (ონლაინ-ოფლაინ) სწავლებაზე ან სრულად ონლაინზე გადასვლა. ონლაინ სწავლის გამოცდილების მქონე მოსწავლეების 72%-ს უნდა იგივე.

ონლაინ მაღაზიების პლატფორმა Shopify (NYSE: SHOP+166%

2020 წელს, როდესაც ბევრ დიდ კომპანიას ონლაინ გაყიდვებზე მოუხდა გადასვლა, Shopify-ს მოგება გაორმაგდა, რაც არცერთ ანალიტიკოსს არ წარმოედგინა. ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, Shopify მომხარებლებს სთავაზობს არა პროგრამულ კოდს, არამედ კონსტრუქტორს, რაც ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. ამას ემატება ისიც, რომ კომპანია მარკეტინგში, გადახდებში და მიტანის სერვისშიც ეხმარება თავის კლიენტებს.

საერთო ჯამში, საინტერესო ტრენდია, რომ ბევრი საშუალო და მცირე კომპანია ამაზონიდან მოდის და საკუთარი ვების განვითარებას ამჯობინებს. ამავდროულად, ე.წ. Nocode ინდუსტრია იზრდება და Shopify ამ ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენელია ელექტრონულ კომერციაში.

ტელესამედიცინო სერვისი Teladoc Health (NYSE: TDOC) +121%

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ საავადმყოფოში სიარული უკვე სახიფათოა? ამაში გვეხმარება ტელემედიცინა. აღსანიშნავია, რომ Teladoc Health-ის მოგება 2020 წელს 79%-ით გაიზარდა ვიდრე წინა წელს. ექსპერტები 2021-ში ამ ციფრების გაორმაგებას ვარაუდობენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნორმალიზებასთან ერთად ტელემედიცინა შეიძლება ნაკლებად აქტუალური გახდეს. წყარო mvp.ge

https://mvp.ge/markets/stock-growth-2020/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img