რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 5 135 ადამიანი დააკავეს, – შესაბამის მონაცემებს პროტესტის მონიტორინგის ჯგუფი OVD-Info ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის ათობით ქალაქში განხორციელდა და ყველაზე მეტი, 1 653 ადამიანი, მოსკოვში დააკავეს.
დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და მეორე დღეს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გუშინ, ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა. ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მკაცრი ტაქტიკის მუდმივ გამოყენებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. მან რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
წყარო: interpressnews.ge