რუსული ეკლესია ისტორიულად იმპერიული პოლიტიკის ერთ–ერთი მძლავრი იარაღი იყო და ერთმორწმუნე ქართველების წინააღმდეგ მთელი სისასტიკით მოქმედებდა. ეკლესიის საშუალებით რუსეთის იმპერია საქართველოს დაქუცმაცებას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების ერთმანეთთან წაკიდებას და შუღლის გაღვივებას ცდილობდა. XIX ს-ის ბოლოდან ქართული საზოგადოების გახლეჩვის მიზანმიმართული პოლიტიკა დაიწყო.
1. სამეგრელოსა და სვანეთის სასწავლებლებსა და ღვთისმსახურებაში საერთოდ აიკრძალა ქართული ენა;
2. რუსი დეკანოზი, შემდგომში პოლიტიკური მოღვაწე ივანე ვოსტორგოვი, მიიჩნევდა, რომ სამეგრელო და სვანეთი საქართველოს საერთოდ არ ეკუთვნოდნენ.
3. ვოსტორგოვი სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში, ქართულის ნაცვლად ღვთისმსახურების ენად, ადგილობრივი კუთხეების კილოს გამოყენება სურდა.
4. 1892 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე იანოვსკიმ სპეციალური მოხსენება გაუგზავნა იმპერიის სახალხო განათლების მინისტრს და საქართველოს სამღვდელოებისათვის საეკლესიო-სამრევლო და წერაკითხვის სკოლების მართვის უფლების ჩამორთმება მოთხოვა. მისი თქმით ქართველ მღვდლთა უმრავლესობამ რუსული არ იცოდა და ამით ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან სრულ შერწყმას;
5. ვოსტორგოვის მსგავსად, იანოვსკი, მეგრელებს დანარჩენი ქართველებისგან გამოარჩევდა და საეკლესიო წიგნებისა და ლოცვების მეგრულად თარგმნას ითხოვდა;
6. ქართული საზოგადოების გათიშვის მიზნით, იანოვსკის ეკუთვნის ბიბლიის მეგრულ და სვანურ ენებზე თარგმანის იდეა.
7. იანოვსკის თანაშემწე ლევიცკი კი, რუსული ასოებით ცალკე მეგრული ანბანის შექმნასა და მის საფუძველზე მეგრულად ლიტერატურის თარგმნას ცდილობდა. ლევიცკის აზრით, მეგრული ბიბლია მთლიანად განდევნიდა სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართულ ენას;
8. რუსმა ეგზარქოსებმა ოსურ ეკლესიებში ღვთისმსახურება ოსურ ენაზე დაწესეს, მაგრამ ენა იმდენად დაამახინჯეს, რომ ოსები აღშფოთდნენ და ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს. მაგალითად, სახარების სიტყვა „განკაცება” ოსურად მკრეხელურად ასე იქნა თარგმნილი: „ხორციანი ნამცხვარი.”
9. სოხუმის ეპარქიაში რუსი ეპისკოპოსის არსენის ბრძანებით, სამურზაყანოში და მთლიანად აფხაზეთშიც აიკრძალა ქართული და წირვა-ლოცვა რუსულად მიმდინარეობდა. სოხუმში ჟანდარმერიის საშუალებით დევნიდნენ ყველას, ვინც ეკლესიაში წირვა-ლოცვის შესრულებას მშობლიურ ენაზე ითხოვდა.პ.ს. 2000 წელს რუსეთის ეკლესიამ ივან ივანეს ძე ვოსტორგოვი წმინდანად შერაცხა.
წყარო: მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) წიგნი – “დედაღვთისმშობელი – შემწე ქართული ენისა”.
ქვეთავი – სამეგრელოს საეკლესიო კრებები სამეგრელოს I (1889 წ.) და II (1905 წ. 12.06) საეკლესიო შეკრება